უძველესი პერიოდი
ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არამხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI საუკუნის ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლო ის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიტოვებულ იქნა.
გოლოვინის პერიოდი
ბორჯომის წყლის „მეორე ცხოვრება“ დაიწყო XIX საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს. 1829 წელს ბორჯომში განლაგდა ხერსონის გრენადიორთა პოლკი. ერთხელ ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე იპოვეს მინერალური წყარო. პოლკოვნიკი პ. პოპოვი დაინტერესდა ამ ამბით და ბრძანა წყაროს გაწმენდა და მისი ჭურჭლით ზიდვა პოლკში. მას კუჭის წყლული აწუხებდა და წყალი იმდენად მარგებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ გადაწყვიტა წყარო ქვით შემოეზღუდა. იქვე ააშენებინა მან აბანო და პატარა სახლი თავისთვის.
1837 წელს ხერსონის პოლკი ჩაანაცვლა ქართველ გრენადიორთა პოლკმა. პოლკის ექიმმა ამიროვმა დაიწყო წყლის შემადგენლობის გამოკვლევა და მისი ზემოქმედების შესწავლა. მანვე გააგზავნა წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში.
1841 წელს ბორჯომის მინერალური წყალი უკვე იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ კავკასიის მთავარმართებელმა ევგენი გოლოვინმა თავისი სნეული ქალიშვილი ბორჯომში ჩაიყვანა სამკურნალოდ. უცნობია, თუ კონკრეტულად რა დაავადება ჰქონდა მას, თუმცა ცნობილია, რომ წყალმა მას დიდად არგო, რის გამოც ბორჯომის მინერალური წყლის პირველ წყაროს გოლოვინმა ქალიშვილის სახელი (Екатерининский) უწოდა ხოლო მეორეს — საკუთარი (Евгеньевский).
1842 წელს ექიმმა ამიროვმა თხოვნით მიმართა გენერალ გოლოვინს, რათა კეთილმოეწყოს კურორტი ბორჯომი. ამ დროს იწყება ქალაქ ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ვორონცოვის პერიოდი
1846 წელს კავკასიაში ახლადდანიშნულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომი თავის საზაფხულო რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო ქალაქის კეთილმოწყობა: აშენდა სახლები, აბანოები, ეკლესიები, სასტუმროები. 1850 წელს გაშენდა მინერალური წყლების პარკი, ხოლო 1854 წელს დაიწყო პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა ჩამოასხა მინერალური წყალი 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში გასაყიდად წაიღო.
რომანოვის პერიოდი
შეფუთვის განყოფილება ბორჯომის ქარხანაში
დისტრიბუცია ბორჯომის ქარხანაში
რომანოვების ოჯახი ბორჯომის წყაროსთან
1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი. მანაც თავისი საზაფხულო რეზიდენცია ბორჯომში მოაწყო. იმ დროისთვის ბორჯომის სამკურნალო თვისებების შესახებ ამბავი მთელ რუსეთის იმპერიას მოედო. ბორჯომში შენდებოდა ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილ იქნა ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიმოსვლა. მანამდე ბორჯომში ცხენიანი ფაეტონებით ჩადიოდნენ და გზას თბილისიდან ბორჯომამდე 8–9 საათი უნდებოდა.
1894 წელს მიხეილ რომანოვმა დაიწყო მინერალური წყლების პარკში ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა, რომელმაც XX საუკუნის 50–იან წლებამდე იარსება.
1896 წელს ბორჯომში გაიხსნა შუშის პირველი ქარხანა, სადაც 1950 წლამდე ბოთლები ხელით მზადდებოდა.
1900 წელს ბორჯომში მივლინებით ჩავიდა ქიმიკოსი ფ. მოლდსენგაუერი, რომელმაც ბოთლში ჩამოსხმული წყლის ფიზიკურ–ქიმიური თვისებების შესანარჩუნებელი მეთოდი შეიმუშავა. სწორედ მისი იდეა იყო მინერალური წყლის ნახშირბადის დიოქსიდით დაგაზვა, რამაც საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ წყალი საზღვარგარეთ ექსპორტზე გაეტანათ.
1904 წელს ხდება „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია, კერძოდ შუშა თუ ხელით მზადდებოდა, ბოთლებში ჩამოსხმა უკვე მექანიზებული წესით ხდებოდა. ამავე წლით თარიღდება საგაზეთო განცხადება, სადაც ლაპარაკია მინერალური წყლის — „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვაზე. წარმოების მექანიზაციამ მოიტანა დიდი წარმატება: თუ 1854 წელს მხოლოდ 1350 ბოთლი ბორჯომი გავიდა ქარხნიდან, უკვე 1905 წელს მისი რიცხვი 320 ათას ბოთლამდე გაიზარდა, ხოლო 1913 წლისთვის უკვე 9 მილიონს გადააჭარბა.
ამავე პერიოდში ბორჯომი იღებს საერთაშორისო აღიარებას:
დიპლომი ქალაქ სპაში, ბელგია (1907)
ოქროს მედალი ყაზანი, რუსეთი (1909)
საპატიო დიპლომი ქ. დრეზდენში, გერმანია (1911)
საბჭოთა პერიოდი
საბჭოთა პერიოდში ბორჯომი უკვე სტალინის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, ხოლო კრემლში არცერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე.
1961 წელს 423 ათასი ბოთლი იქნა ექსპორტირებული მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვა. 1980-იან წლებში „ბორჯომის“ გაყიდვამ 400 მილიონ ბოთლს მიაღწია და იგი სსრკ-ში ყველაზე პოპულარულ წყალი გახდა. 1990 წლისთვის ბორჯომის რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.
დამოუკიდებლობის პირველი 20 წელი
1990-1995 წლებში საქართველოში შიდაეკონომიკური სიძნელეების გამო მკვეთრად შემცირდა „ბორჯომის“ წარმოება, მაგრამ 1995 წლიდან პრივატიზაციის შედეგად ბორჯომის წარმოებას შეუდგა კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია (Georgian Glass & Mineral Water Co. N. V.), რომელიც „თიბისი“ ბანკის მფლობელს, მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა. მოწვეულ იქნენ ინვესტორები, რის შემდეგაც წარმოება 40–ჯერ გაიზარდა.
1997 წელს მოხდა „ბორჯომის“ №1 და №2 ქარხნების მოდერნიზაცია, კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ხაშურის შუშის ქარხანა, რომელიც ბორჯომიდან 30 კმ–ში მდებარეობს. ასევე მოხდა მისი მოდერნიზაციაც. 1998 წელს №2 ქარხანაში დაიწყო „ბორჯომის“ ჩამოსხმა პლასტიკურ ბოთლებში. 1999 იმავე ქარხანაში დაიწყო უგაზო მინერალური წყლის — „ბორჯომის წყაროები“ ჩამოსხმა.
XXI საუკუნე
ამჟამად ბორჯომის მწარმოებელია კომპანია IDS Borjomi Georgia, რომელიც ნაწილია საერთაშორისო კომპანიისა — IDS Borjomi International. მისი საკონტროლო პაკეტს ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის საინვესტიციო კომპანია „სელფორდი“ ფლობდა.
2002 წელს №2 ქარხანამ დაიწყო უგაზო წყლის — „ბაკურიანი“ ჩამოსხმა 5 ლიტრიან, ხოლო 2008 წლიდან 6 ლიტრიან ბოთლებში. 2005 წელს „ბორჯომის“ წარმოებამ 200 მილიონ ბოთლს მიაღწია. 2007 წელს საერთაშორისო სასერტიფიკაციო კომპანიამ Bureau Veritas „ბორჯომს“ მიანიჭა წარმოების უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000.
2006 წელს რუსეთში „ბორჯომის“ გავრცელება აიკრძალა, ამით კომპანიამ გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი დაკარგა. დღეს „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 30 ქვეყანაში ხდება.
2012 წლის დეკემბრის ბოლოს კი კომპანია რუსული „ალფა ჯგუფის“ საკუთრება გახდა.
დღესდღეობით კომპანია ბორჯომ-ბაკურიანის ხეობაში 4 დასახელების პროდუქციას აწარმოებს:
ბორჯომი
ლიკანი
ბაკურიანი
ბორჯომის წყაროები
ბორჯომის მინერალური წყლების საბადო კავკასიონის მესხეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760–920 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე. „ბორჯომი“ მოიპოვება 9 ჭაბურღილიდან, რომელთა სიღრმეა 1200–1500 მეტრი.
„ბორჯომის“ საბადოების დაზვერვა მიმდინარეობდა 1927 წლიდან. სულ, 1982 წლამდე, გაჭრილ იქნა 18,4–დან 1502 მეტრამდე სიღრმის 57 ჭაბურღილი. დაზვერვითი სამუშაოების დაწყებამდე საბადოს ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდა მხოლოდ ორი წყარო: კავკასიის მთავარმართებელ ევგენი გოლოვინის (Евгеньевский) და მისი ქალიშვილის, ეკატერინეს სახელობისა (Екатерининский), რომელიც წყალმა განკურნა.[2]
1957–1978 წლებში ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად ბორჯომის საბადოების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის წყლის მარაგები. ამის წყალობით საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოება 400 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა.
დღეს ბორჯომის ხეობაში სამი საექსპლუატაციო უბანია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (დაბა ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვანი–ყვიბისის (სოფლების – ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ უბნებზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ 13 ჭაბურღილი გამოიყენება თვითონ საბადოს რეგულარული მონიტორინგისთვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა).
No comments:
Post a Comment